IFC - International Finance Corporation

09/17/2025 | Press release | Distributed by Public on 09/17/2025 08:41

IFC-მ განახორციელა სტრატეგიული ინვესტიცია ჯანდაცვის სექტორში კავკასიაში პირველ სოციალურ ობლიგაციებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

  • ჯანდაცვის სექტორში კავკასიაში პირველი სოციალური ობლიგაცია ონკოლოგიური და ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით სოფლად. ასევე უზრუნველყოფს შეთავაზებული მკურნალობის სპექტრის გაფართოებას.
  • ეს არის რეგიონში სოციალური ობლიგაციის ყველაზე დიდი ღირებულების განთავსება (ემისია) და საქართველოში ლარში განხორციელებული ყველაზე მსხვილი კორპორაციული ემისია. ამ ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • ფასიანი ქაღალდების ამ განთავსებამ კერძო ინვესტიციების მობილიზება მოახდინა მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

თბილისი, საქართველო, 17 სექტემბერი, 2025 - IFC-მ სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი უმსხვილესი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"-ის მიერ სოციალური ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს და საერთო ჯამში 350 მილიონი ლარის (დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის) მოცულობის ემისიის ნაწილია, რომლის მიზანი ჯანდაცვის, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ონკოლოგიურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

სოციალური ობლიგაციების ეს ემისია პირველია ჯანდაცვის სექტორში კავკასიაში და რეგიონში ყველაზე მსხვილი მოცულობის კორპორაციული სოციალური ობლიგაციების განთავსებას წარმოადგენს. ეს დღემდე საქართველოში გამოშვებული ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი განთავსებაა. ობლიგაცია გამოშვებულია კომპანიის სოციალური ობლიგაციების ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის (ICMA) სოციალური ობლიგაციების პრინციპების საფუძველზე მომზადდა.

სიმსივნე საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციული ამბულატორიული მკურნალობის გაძლიერება. ეს მიდგომა არა მხოლოდ აუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის შედეგებს, არამედ ამცირებს გვიან სტადიებზე ძვირადღირებული მკურნალობის საჭიროებას, რითაც ზრდის სისტემის ეფექტიანობას. ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და პრევენციისთვის რესურსების მობილიზება უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სოციალური ობლიგაციების ეს გამოშვება მიზნად ისახავს პრევენციულ მომსახურებაზე წვდომის გაფართოებას და ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის სოფლებში.

ობლიგაციების ეს განთავსება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ემისიის შედეგად ინვესტორებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ფინანსური შემოსავალი და იმავდროულად დადებითი გავლენა იქონიონ სოციალური თვალსაზრისით. ობლიგაცია დენომინირებულია ლარში და აქვს 5-წლიანი ვადიანობა. ეს მახასიათებლები მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საქართველოში, სადაც ლარში ობლიგაციების მხოლოდ საშუალოდ ერთი მესამედია დენომინირებული. ეს განთავსება ასევე კარგი მაგალითია იმისა, თუ რა პოტენციალი აქვს სოციალურ ობლიგაციებს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, ეს პროექტი ასევე ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოში კერძო სექტორი საავადმყოფო საწოლების 86 პროცენტს ფლობს. მას ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვს ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებაში.

IFC-ის პროექტი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის გაფართოებას და საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებას ისახავს მიზნად.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, IFC-მ საქართველოსთვის 1995 წლიდან გრძელვადიანი დაფინანსების სახით დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამ თანხიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული 74 პროექტისთვის საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. გარდა ამისა, IFC-მ 433 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

IFC - International Finance Corporation published this content on September 17, 2025, and is solely responsible for the information contained herein. Distributed via Public Technologies (PUBT), unedited and unaltered, on September 17, 2025 at 14:41 UTC. If you believe the information included in the content is inaccurate or outdated and requires editing or removal, please contact us at [email protected]